saqarTvelos mRvimeebi - sakaJias mRvime
კარსტრული მღვიმე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანის მიდამოებში, მდინარე წყალწითელის ხეობის მარცხენა კალთაზე, ზღვის დონიდან 150 მ-ზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არ არის სტალაქტიტური ნაღვენთები, მშრალია. წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს. მღვიმის ჯამური სიგრძე 35 მ. სიღრმე 20 მ. სიგანე 6 მ. სიმაღლე 4 მ. აღმოაჩინეს 1914 წელს (რ. შმიდტი, ლ. კოზლოვსკი).
საკაჟია ამიერკავკასიაში მიკვლეული პირველი პალეოლითური ძეგლია. მღვიმეს რუდოლფ ვირხოვის სახელი ეწოდა. 1936 წელს გათხრები განახლდა (ხელმძღვანელი მ. ნიორაძე), აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა, აღადგინეს ძეგლის ძველი სახელწოდება - „საკაჟია“. 1973 წელს გათხრების დროს (ხელმძრვანელი გ. ნიორაძე) ზედაპალეოლითური ფენის ქვეშ 1,5 მ. სიღრმეზე გამოვლინდა მუსტიეური ფენები. აღმოჩნდა ქვის ლევალუაზური ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები და მათზე დამზადებული სხვადასხვა ტიპის წვეტანები, სახოკები, დანები და სხვა ნივთები. ამ ფენებში ნაპოვნია მღვიმის დათვის, მარტორქის, ცხენირმის, კეთილშობილი ირმის, ბიზონის, კავკასიური ჯიხვის, ტახისა და სხვა ცხოველთა ძვლები. აქვე აღმოჩნდა ნეანდერტალელი ადამიანის ზედა ტბის ფრაგმენტი და კბილები. აღნიშნული მასალა შუა და გვიანდელი მუსტიეს ხანით თარიღდება.
ზედაპალეოლითური ხანის მასალიდან აღსანიშნავია კაჟისა და ობსიდიანის ლამელებზე და ანატკეცებზე დამზადებული სხვადასხვა ტიპის საფხეკები, საჭრისები, გრავეტისა და შატელპერონის ტიპის მსგავსი დანები და სხვა ნივთები, აგრეთვე ძვლისა და რქის ნაკეთობანი: მრგვალგანივკვეთიანი ძვლის შუბისპირები, სადგისები, ირმის რქისგან დამზადებული მიწის საჩიჩქნი თოხისმაგვარი იარაღი. აქვეა ნაპოვნი კრომანიონელი ადამიანის თავის ქალის ფრაგმენტები. ამავე ფენებში აღმოჩენილია დომბის, კეთილშობილი ირმის, ქურციკის, ჯიხვის, ტახის, ცხენის, მღვიმის დათვის, მურა დათვის, მღვიმის ლომის, ფოცხვერისა და სხვა ცხოველთა ძვლები. ზედაპალეოლითური მასალა ორინიაკულია და განეკუთვნება საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურის შუა (განვითარებულ) საფეხურს.
1914 წლიდან კოლექცია დაცულია სანქტ-პეტერბურგში მიკლუხო-მაკლაის სახელობის ანთროპოლოგიისა და ათნოგრაფიულ მუზეუმებში, 1936 წლიდან მასალა - ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.